საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ღიად საუბრით ევროპული ბიუროკრატია ორმაგ სტანდარტებს ავლენს.
კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დასვა: „ევროპელი ლიდერები რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა გვახსოვს თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით უსამართლო კრიტიკა, მათ შორის მშვიდობის პოლიტიკის გამო რუსების დაბრალება ხელისუფლებისთვის. როგორ შეაფასებთ ამას?“
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია საქართველოსთანაც მოახერხებს პირდაპირი დიალოგის აღდგენას.
„ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს. ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული“ ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ვხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“,- განაცხადა კობახიძემ.
















