ირაკლი კობახიძე: გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც 28 თებერვალს თეთრს სახლში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კობახიძე ტრამპს გამძლეობას უსურვებს. როგორც ის წერს, ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის.

“გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაც შემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს.

გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები – ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული “სელფებით” იწონებდნენ თავს.

გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და დიფ სთეითი ომს ასე მარტივად არ შეელევიან.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელი ვამტკიცებდით – აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების მანძილზე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ.

ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში.

პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში”,- წერს ირაკლი კობახიძე.

28 თებერვალს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მედიის წინაშე კამათი მოხდა. ზელენსკი აშშ-ში მინერალების შეთანხმების გასაფორმებლად იყო ჩასული, რომელსაც საბოლოოდ ხელი აღარ მოეწერა.

banner
წინა სტატიაშიკითხვაზე – უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რამე ცუდი ჩაიდინა
შემდეგი სტატია3 მარტი SOLO-ში – საგაზაფხულო შეთავაზებები მომხმარებლებს City Mall საბურთალოსა და City Mall გლდანში