ირაკლი კობახიძე: გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე პირდებოდნენ. კერძოდ, კობახიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავიანთ სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის წინ საზოგადოებას წარუდგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, რასაც რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.

„ჩვენთვის მათი ქმედებები ვერც ერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიSocial Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ
შემდეგი სტატიაკობახიძე:პრეზიდენტს ეწყინა, რომ “რადიკალურ ოპოზიციას” გუშინდელი აქცია “ჩაუვარდა”