ირაკლი კობახიძე : გუბაზ სანიკიძის განცხადება არის არასერიოზული, არაჯანსაღი და ძალიან ჰგავს მის ნატურას

დარწმუნებული ვარ, გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოჰყვება როგორც ქართველი ჯანსაღი პოლიტიკოსების მხრიდან რეაქცია, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ისმინება.

„გუბაზ სანიკიძის განცხადება არის მორიგი შემთხვევა, სადაც შეუძლებელია, სერიოზული და სხვანაირი შეფასების გაკეთება. რაც შეეხება მოსმენას ფართო გაგებით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უსმენს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და არა გუბაზ სანიკიძეს, მაგრამ იმ გაგებით, როგორც გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა, ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება. დარწმუნებული ვარ, ამას რეაქცია მოჰყვება როგორც ქართველი პოლიტიკოსების, ჯანსაღი პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს არის არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ არაჯანსაღი განცხადება და ძალიან ჰგავს გუბაზ სანიკიძის ნატურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულო საკვები პროდუქტებით კიდევ 500 ოჯახს დაეხმარება
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობის წერილს უგზავნის