ირაკლი კობახიძე: გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ჭიაბერაშვილი, ვახო სანაია პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ

“შეეხება რუსულ დეზინფორმაციას, აქაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყანას ომში ჩართვისკენ. იყო პირდაპირი ფორმით მოწოდება, ზოგი იყო ირიბი ფორმით, მაგრამ იმ ირიბ ფორმაშიც იყო პირდაპირი ფორმა. ესენი რუსეთის აგენტები იყვნენ, თუ ვინ იყვნენ?!

კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი გვარებს – ეს არის გიგაური, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, ჭიაბერაშვილი, ვახო სანაია და ა.შ. ციტატა ამოვიღოთ გიგაურის, რუსეთს აქვს შეზღუდული რესურსი, ყველგან ვერ იომებს და ამიტომ, შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო. მან თავისი განცხადება განმარტა მას შემდეგ, რაც უკან დახევა მოუწია. იმიტომ, რომ ნახეს, წარუმატებელი იყო მათი მცდელობა, შეექმნათ ომის განწყობა საზოგადოებაში და მერე დაიხია ყველამ უკან.

იგივე იყო უსუფაშვილის შემთხვევაშიც. გამოდიოდა უსუფაშვილი და ამბობდა, რას ჰქვია, ღირსების თემაა, უნდა ვიომოთო და ა.შ. როდესაც შემდეგ ჩვენი მხრიდან იყო მიწოლა, მერე მოუწია მასაც უკან დახევა. მათ სცადეს არაერთგზის. ეს არის ისევ ბაკურიანის შემადგენლობა, რადიკალური პარტიები და მათი კუთვნილი NGO-ები. ისინი ამწიფებდნენ აზრს საქართველოში და რომ ვერ მოამწიფეს, მერე გადაწყვიტეს უკან დახევა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარსია ის ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები ამბობდნენ, თითქოს ხელისუფლების განცხადებები რუსეთის მიმართ ზედმეტად მაამებლური და არგაღიზიანების პოლიტიკა ძალიან მძაფრი იყო, ამას ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ეწირებოდა და ასეთ განცხადებებს ამიტომ აკეთებდნენ.

„ამ განცხადებების მიღმა იყო კონკრეტული ინიციატივები. მაგალითად, კატასტროფული პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობა ამაში ჩაეთრიათ, საქართველო გარანტირებულად ხდებოდა ომში ჩართული. მოხალისეებს ვგულისხმობ და სხვა რაღაცებიც იყო. როდესაც მაგალითად, მარგველაშვილი, რომელიც დამიჯერეთ, თავისი ინიციატივით არ ლაპარაკობს ხოლმე ასეთ რაღაცებს, გამოდის და ამბობს, რომ ახლა საქართველომ მაქსიმალურად უნდა შეიძინოს შეიარაღება დასავლეთიდან, ესეც საითკენ არის მიმართული? ისინი განწყობის შექმნას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, ნახეს, რომ არ გამოუვიდათ. იმიტომ, რომ ვერ მოამწიფეს საზოგადოებაში ომის აზრი, მერე მოუწიათ უკან დახევა და ახლაც იგივეა, თითოეულის შემთხვევაში ცდილობენ, უკან დაიხიონ, მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება, ვერც მედიიდან წაშლი, ვერც თავიდან და ვერც ვერაფრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიევროკომისია საქართველოს უარს ეუბნება
შემდეგი სტატიაკობახიძე ზურაბიშვილზე-“წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ აგვისტოს ომზე განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა… მერე მოგვიწია ამის შელამაზება”