ირაკლი კობახიძე: გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ რიგით მერვე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ქვეყნის წინსვლაში.

„აუცილებლად უნდა ითქვას, ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს.

„მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს. ყველა ის მიღწევა, რომელიც ქონდა ჩვენს გუნდს და ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი. ამ ერთიანობისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს – მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებს და მხარდამჭერებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს. წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება იყოს გამოხატული: – პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად; ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს; – მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში. გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის! გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის
შემდეგი სტატიაკობახიძე: ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის დამსახურებაა