საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მედიაში აგორებულ კამპანიას „ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“ უწოდა.
მისი განცხადებით, მთავრობის ყველა აქტი გამჭვირვალეა და მსგავს მგრძნობიარე თემებზე გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია, ხოლო აგორებული კამპანიები რეალური პრობლემების, მათ შორის კორუფციის გადაფარვის მცდელობაა.
„გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი…
აშკარად იკვეთება დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები სიყალბეზეა აგებული და მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას.
კობახიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის ყველა ოფიციალური აქტი საჯაროა და ქვეყნდება, შესაბამისად, ფარული გადაწყვეტილებები ვერ მიიღებოდა.
პრემიერმა არ გამორიცხა პროცესების სამართლებრივი განვითარება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.















