ირაკლი კობახიძე : “განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა პროვოკაციების რეალურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ აღნიშნა, ამ პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია.

“განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და, ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ. მაგალითად, 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად. იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში, გამომწვევ მოქმედებაში. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის, აქტივისტები მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვით და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ”,-აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება აჭარას, მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატებს ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ნაზი ფუტკარაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის”, ვინმე ივანიძე, ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი და მათაც მოაწყვეს მსგავსი პროვოკაცია.

“პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა, არის ის, რომ იყვნენ ღირსნი ცოცხების და დუბინკების. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია, მოყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან. თუმცა. ეს რეაქცია იყო ღირსეული. მადლობა მინდა, გადაუხადო ჩვენ აქტივისტებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ “დუბინკები” და ცოცხები აღარ იქნება, მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ. გუშინდელი ფრაზაც სწორედ ამის კიდევ ერთი დასტური იყო”,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება.

“ჩვენი ამოცანაა, პროვოკაციების პრევენცია და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან, კონტრაქციების მოწყობისაგან. ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ. იგივესკენ მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს ამ საარჩევნო პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს აქტივისტებს მოთმინებისთვის”,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
შემდეგი სტატიანაძალადევის უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს