ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტად ესტონეთში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

საუბრის მთავარი თემები ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე, ორ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

„ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ. იგი, პიროვნულად, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერია. ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე – როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საქართველოში ესტონელი ბიზნეს პარტნიორების ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საუბარი გვქონდა იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყნებში ვითარდება. დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ესტონეთში ვიზიტს აგრძელებს. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.

banner
წინა სტატიაშითემურ აბაზოვი – მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე ხუთი პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს