ირაკლი კობახიძე – დღეს უკვე დადასტურდა, რომ ხმის პარალელური დათვლა და ცესკო-ს მონაცემები ზუსტ თანხვედრაშია ერთმანეთთან

დღეს უკვე დადასტურდა, რომ ხმის პარალელური დათვლა და ცესკო-ს მონაცემები ზუსტ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ოპოზიციას გამოეცალა მთავარი საყრდენი, რასაც უკავშირებდა მტკიცებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

„დღეს საღამოს გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ ბრიფინგი მივუძღვენით ამ თემას და ვამტკიცებდით, რომ სინამდვილეში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები იყო პირდაპირ თანხვედრაში ცესკო-ს მონაცემებთან, თუმცა იქ იყო გარკვეული შეცდომა, რომელიც განაპირობებდა თითქოსდა სხვაობის არსებობას. გახსოვთ, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგებზე დააფუძნა სწორედ ოპოზიციამ თავისი პროპაგანდა გაყალბებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე დადასტურდა ის, რომ ხმის პარალელური დათვლა და ცესკო-ს მონაცემები არის ზუსტ თანხვედრაში ერთმანეთთან და ამასთან დაკავშირებით პარტია ხვალ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სასოწარკვეთილს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა „სამართლიან არჩევნებზე“, რომელმაც ხმების პარალელური დათვლა ჩაატარა.

„ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, რადგან მათ გამოეცალათ მთავარი საყრდენი, რასაც უკავშირებდნენ მტკიცებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის სასოწარკვეთილი განცხადება მათი მხრიდან. ხვალ ყველაფერს გაეცემა პასუხი, მათ შორის ოპოზიციის სპეკულაციებსაც და მათ ჩარევასაც გარკვეულ პროცესებში. ამაზე გვექნება დეტალური განცხადება, რომელიც გავრცელდება ხვალისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სამართლიანი არჩევნებმა“ დღეს საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგის სიზუსტე, თუმცა გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლის შედეგები პირველ ნოემბერს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ყველა დეპუტატი გამურულ ქვაბში ამოიხარშება
შემდეგი სტატიატროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა ხალხს სწორი ხედვა შესთავაზა – ადმინისტრაცია