ირაკლი კობახიძე: „დაბალი რანგის დოკუმენტებში ასეთი ფრაზები არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კორუფციის ხარჯზე მოპოვებული თანხის კონკრეტული ლობისტებისთვის გადახდის დამსახურება“

„ასეთი ფრაზები თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს. რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს ფული აქვს აღებული და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. დაახლოებით 2 კვირის წინ მან განაცხადა, რომ ქართულ – ამერიკული ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც დღეს არის. ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს, დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ იყენებს მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

„ჩვენი მუშაობის შედეგები ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და ოფიციალური განცხადებებში, რომელსაც ავრცელებენ დასავლური ინსტიტუტები. თითოეული ეს განცხადება კი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: თუ ვინმეს აქვს კითხვის ნიშნები, ვურჩევ იხელმძღვანელოს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციით
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : რა განცხადებაც უნდა გააკეთონ კონგრესმენებმა, „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, ჩვენ ვართ ძლევამოსილი პარტია და, სწორია, გეშინოდეთ