ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ვიზრუნოთ

ჩვენი ვალია, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ვიზრუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე საინტერესო დისკუსიები შედგა.

„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. გვქონდა საინტერესო შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატებთან, ასევე, გავმართეთ შეხვედრა რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში, პარტიის ლიდერებთან.

მთლიანობაში, გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება, მიმოვიხილეთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გავუსვით გამორჩეულ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის ჩამოყალიბებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიციას 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს, ახლა თემა დახურულია
შემდეგი სტატიავოლსკის შეფასებით, ბესელიას მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს