ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა

„გენდერული თანასწორობის ძირითადი უფლება ძალიან მკაფიო ჩანაწერით იქნა გამტკიცებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შევიდა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე – „საქართველო -თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხი ძალიან აქტუალურია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიაში ჩართულნი არიან როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„ეს დისკუსია ქმნის კიდევ ერთ ძალიან კარგ პლატფორმას და შესაძლებლობას იმისათვის, რომ ვისაუბროთ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა გასული წლების განმავლობაში და ეს პროგრესი არის უდაოდ ხელშესახები. ამ პროგრესის მიღწევაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, რაც კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკმაოდ მდიდარი ტრადიცია აქვს.

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჯერ კიდევ 1918-1921 წლების პერიოდში ქალები იყვნენ საკმაოდ აქტიურად ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაშინ შეიქმნა ძალიან პროგრესული დოკუმენტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის სახით და ის დოკუმენტი ანიჭებდა შესაძლებლობას ქალბატონებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიეღოთ საპარლამენტო არჩევნებში. უნდა აღინიშნოს ის, რომ მთელმა რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მიიღეს ანალოგიური ნორმა ძირითადი კანონების დონეზე. ეს იყო უდაოდ ძალიან პროგრესული მოვლენა მაშინდელი საქართველოს რეალობაში, რასაც ხაზი აუცილებლად უნდა გაესვას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 1919 წელს, როდესაც ჩატარდა პირველი არჩევნები, ამ არჩევნების საფუძველზე აირჩა რამდენიმე ქალბატონი დეპუტატი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საპარლამენტო ცხოვრებაში და სამი მათგანის ხელმოწერა ამშვენებს ჩვენი დამოუკიდებლობის აქტს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა, ასევე, ქალთა მონაწილეობით იმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რჩება არაერთი გამოწვევა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გენდერული სტერეოტიპების არსებობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად, მექანიზმები ერთობლივად უნდა დაინერგოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონების როლი ამ დისკუსიების წარმართვის პროცესში. თუმცა, ჩვენ გვრჩება, რა თქმა უნდა, არაერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ქალების მონაწილეობის კუთხით, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ერთად ამ უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებზე და ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს მიზეზები, მათ შორის ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჯერ კიდევ აქტუალურია საკმაოდ საქართველოში გენდერული სტერეოტიპები. არის გარკვეული შეხედულებები ჩამოყალიბებული სტერეოტიპული შეხედულებები ქალისა და მამაკაცის როლის თაობაზე, ფუნქციების თაობაზე. ჩვენ ერთობლივად უნდა დავნერგოთ ის მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგცემს, რომ მნიშვნელოვნად შევცვალოთ დღეს არსებული ვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სერიოზული დისკუსია გაიმართა.

„ ძალიან მკაფიო ჩანაწერით იქნა გამტკიცებული გენდერული თანასწორობის, ასე ვთქვათ, ძირითადი უფლება. შევიდა სპეციალური ნორმა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისთვის. ასევე, სახელმწიფოს დაეკისრა ძალიან კონკრეტული ვალდებულება, მიიღოს განსაკუთრებული ზომები მათი არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ჩანაწერი არის მაქსიმალურად მკაფიო, მაქსიმალურად ძლიერი, რაც შექმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ უკვე კანონმდებლობის დონეზე შეიქმნას კონკრეტული მექანიზმები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს, კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც ქვეყნის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ირაკლი კობახიძის თქმით, წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული კანონპროექტის გენდერულ ანალიზსა და შესაბამისი შეფასებების მომზადებას.

„მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რგოლად ჩამოყალიბდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს და აქტიურად ვმუშაობთ გენდერულ საკითხებზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, ამ ბაზის განვითარებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტში წელს, პირველად, ჩატარდა კანონმდებლობის გენდერული გავლენის წინასწარი შეფასება და გამოჩნდა რომ გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა, როგორც ასეთი, არ არსებობს, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული კანონპროექტის ან თითოეული კანონის გენდერულ შეფასებას. ნებისმიერი რეგულაცია განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებსა და მამაკაცებზე. აქედან გამომდინარე, ამ ჭრილში, კანონპროექტების შეფასებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და უნდა დაიხვეწოს შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში, თითოეული კანონპროექტის გენდერულ ანალიზს და შესაბამისი შეფასებების მომზადებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაანალიზება გენდერულ ჭრილში. მისი განცხადებით, ეს პროცესი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მხარდაჭერით იწყება. „ამ პროცესს სრული მხარდაჭერა ექნება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, 2017 წელს გენდერული თანასწორობის საკითხებზე სიღრმისეული კვლევა ჩატარდა და გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია ამ კვლევას დაეფუძნება. მისივე თქმით, მიმდინარე წელს, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი იზრდება, ტემპი ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კიდევ უფრო წახალისების საუკეთესო საშუალებას გენდერული სავალდებულო კვოტირება შექმნიდა, რის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარმოდგენილია. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტს პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„ამ მოწვევის პარლამენტში, ქალთა წარმომადგენლობა არის ყველაზე მაღალი საქართველოს ისტორიაში. მე-9 მოწვევის პარლამენტში 15% -ით არიან წარმოდგენილნი ქალბატონები და მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს ის, რომ გარდა ამ წმიდა რაოდენობრივი ზრდისა, მნიშვნელოვნად გაზრდილია ქალების გავლენა საპარლამენტო ცხოვრებაში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ უფრო უკეთესი ვითარება გვაქვს მაღალ პოზიციებზე. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, 30%-ინი მაჩვენებელი მყარად შენარჩუნებული კომიტეტების ხელმძღვანელების დონეზე და ასევე, ვიცე-სპიკერების დონეზე, რასაც ხაზი უნდა გაესვას.

მართალია, იზრდება მაჩვენებელი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის, თუმცა ტემპი არის, შეიძლება ითქვას, ნაკლებად დამაკმაყოფილებელი. არის დამატებითი ზომები მისაღები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენთვის სასურველი მაჩვენებელია, ასე ვთქვა, იმ კრიტიკული მასის მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია 30%-იან ზღვართან და ამის გაკეთება შეიძლება გართულდეს სპეციალური ზომების მიღების გარეშე.

ვიცით, რომ მოქმედებს სპეციალური წამახალისებელი რეგულაციები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, თუ არის სიაში წარმოდგენილ 10 კანდიდატს შორის სამი ქალი, ამ შემთხვევაში, დამატებით დაფინანსებას იღებს 30%-ით პოლიტიკური პარტია, თუმცა, ვხედავთ, რომ ეს ზომა არის, რეალურად, ნაკლებად ეფექტური. უმეტეს შემთხვევაში არ ხდება გენდერული ქვოტის გათვალისწინება. შესაბამისად, საჭიროა სხვა ზომებზე ფიქრი, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის საუკეთესო საშუალებას შექმნიდა გენდერული სავალდებულო კვოტირება, რის თაობაზეც სახალხო ინიციატივის წესით არის უკვე წარმოდგენილი კანონპროექტი. აღნიშნული კანონპროექტი უკვე განიხილა სამმა კომიტეტმა და სამივე კომიტეტმა მას მხარი სრულად დაუჭირა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მთავარია, მხარდაჭერა მრავალპარტიული იყოს.

„ამ კანონპროექტის მიღების საფუძველზე, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზრდება, სულ მცირე, 25 %-მდე, რაც არის მნიშვნელოვანი წინსვლა არსებულ 15 %-იან მაჩვენებელთან შედარებით. ამის შემდეგ უკვე, როდესაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, იქ კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, მთავარია, რომ მაჩვენებელი იყოს მზარდი და ჩვენ საბოლოოდ დავიცვათ ჯეროვანი გენდერული ბალანსი წარმომადგენლობით ორგანოში როგორც პარლამენტის, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა და თვითმიზანი არ არის გათანაბრება პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების, მთავარი მიზანი არის საბოლოო შედეგის მიღწევა და ეს საბოლოო შედეგი უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაში სოციალურ ცხოვრებაში მამაკაცებისა და ქალებისთვის თანაბარი განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა და სწორედ ამას ემსახურება, ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია პოლიტიკაში კვოტების დადგენა. დარწმუნებული ვართ, რომ კვოტირება ხელს შეუწყობს მთლიანობაში, საზოგადოებაში ბალანსის უკეთ დაცვას და დამატებით შესაძლებლობას მისცემს ქალებს იმისთვის, რომ მათ მოახერხონ თვითრეალიზება და მათ უკეთესად შეძლონ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა. მჯერა, რომ ძალიან წარმატებით ვითანამშრომლებთ – საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას აღმოგვიჩენენ ამ კუთხით და ამ თანამშრომლობის საფუძველზე ჩვენ მოვახერხებთ ქალების როლის კიდევ უფრო წარმოჩენას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოვახერხებთ იმ ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერების აღმოფხვრას, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში გენდერული თვალსაზრისით. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალების მოტივაციის ამაღლებას, რომ ისინი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აქტიური წვლილი შეიტანონ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში და პროცესებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი ჩვენი ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივისა და საქმიანობისთვის, ხოლო გაეროს, გაეროს განვითარების პროგრამას და შვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატია,,ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ” – პესკოვი სააკაშვილზე საუბრობს