ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების

ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების და ასეთივე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში დააფიქსირეს ელჩებმა, შესაბამისად, დეტალებზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დეტალებზე საჯაროდ საუბარი მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქმნის.

„იყვნენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ითხოვდნენ დეტალების გასაჯაროებას, რაზეც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი საპირისპირო პოზიცია და ელჩებმაც, საბოლოო ჯამში. ანუ, დეტალების გასაჯაროება არ მიგვაჩნია სწორად. თქვენ თუ დააკვირდებით, ვინ ითხოვს და ვინ ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მიხვდებით რა დგას ამის უკან. როგორც დეტალები გასაჯაროვდება, მაშინვე საფრთხე შეექმნება მოლაპარაკებებს და მათ წარმატებით დასრულებას. ეს დგას ამ მოთხოვნის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვართ ჩართულნი, არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხის მაქსიმალურად შემცირება და ისაა, რომ გვინდა, ოპოზიცია მეტად კონსტრუქციული გავხადოთ. თუ პოლარიზაციისა და არაკონსტრუქციულობის პრობლემა იქნება დაძლეული, გპირდებით, რომ ოპოზიცია ყველა ტიპის პროცესში იქნება ჩართული-აცხადებს კობახიძე.

მისი შეფასებით, სწორედ ოპოზიციის არაკონსტრუქციული მიდგომის გამო არ არიან ისინი წარმოდგენილნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში.

„მთავრია, რომ ჩვენ დავინახოთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუ ისინი არ გაჰყვებიან სააკაშვილის მითითებებს პოლარიზაციასთან და არაკოსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე შეიძლება ერთად სხდომა და საუბარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტურა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: „ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი