ირაკლი კობახიძე : ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის

ევროკავშირმა და ნატო-მ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატო-მაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.

„არსებული გეო-პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატო-ს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 10 წლის წინ ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

„ამ დროის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთ ერთობლივი სვლა წარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარია თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულ ერებს შორის, რადგან, კობახიძის განცხადებით, შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, „თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას“.

„მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

მიმდინარე წელს, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა შეიმუშავეს სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებას და საერთო ინტერესებში მჭიდრო ჩართულობას. ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა.

ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამ ტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება. შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებული განვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტური სტაბილიზაციისა. ნაცრისფერმა ზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც და მოწინააღმდეგეებმაც და მიიღონ შესაბამისი ზომები“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზეწოლა და ფიზიკური შეურაცხყოფა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან – სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები სინოდს მიმართავენ
შემდეგი სტატიაოთარ დანელია : მმართველ გუნდში ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება, შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს