ირაკლი კობახიძე: არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო

ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართებოდა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ.

მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ – პირველი, 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.

ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა.

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდებათ
შემდეგი სტატიაკობახიძე: ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ, ეს არის ფსკერი