პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად თითქმის 4 წელი მუშაობდა, წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე.
კობახიძე ამბობს, რომ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხიდაშელი რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვთანაა დაახლოებული, რომელიც პრემიერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია.
“ძალიან მკაფიოდ ეწერა თავდაცვის სამინისტროს მიერ გასავრცელებელ ტექსტში, რაც მე ნანახი მაქვს, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით, იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. მე არ ვიცი, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვსთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი, არ მგონია აქ სპეკულირების საფუძველი იყოს. [სანქცირებული ოლიგარქი] ხო, ევტუშენკოვი არის პირდაპირ დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ბაიდენის ოჯახთან, შესაბამისად, აქ სპეკულაციები მე მგონი ზედმეტია. მე არ ვიცი პრორუსი იყო თუ რა იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანი დაკავშირებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული კაცი. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან”, – თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსული საინვესტიციო კომპანია АФК “Система” და მისი პორტფელის რამდენიმე კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. “სისტემას” მეწილეა ვლადიმირ ევტუშენკოვი.