ირაკლი კობახიძე ალაპარაკებით იმუქრება

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მმართველ პარტიაში პიკს აღწევს. საარჩევნო სიის ფორმირება მმართველ გუნდში შესაძლოა დიდი განხეთქილების მიზეზი გახდეს, რამეთუ „ქართული ოცნება“ ისედაც რამდენიმე კლანად არის დაყოფილი. ყველაზე დიდი დაჯგუფება კახა კალაძეს ჰყავს. მის ფონზე ძალზედ ღარიბულად გამოიყურება პრემიერი გიორგი გახარია. ამ უკანასკნელს გუნდი ფაქტიურად არ ჰყავს, მაგრამ აქვს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა. სწორედ ამის ბრალია, რომ დღემდე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნა ვერ მოხერხდა, არადა ამას დაჟინებით ითხოვს კალაძე.
სერიოზული პრეტენზიები აქვს თავად კობახიძესაც. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიის ხუთეულში ჩასმას კატეგორიულად ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ალაპარაკებით“ იმუქრება. სათქმელი მას ნამდვილად რომ ექნება. ერთი შეხედვით, სათნო ნასპიკერალს გაჭედვაც ახასიათებს. ყველაზე მაგრად მან გავრილოვის ღამეს გაჭედა. აქციის მონაწილეები მის გადადგომას ითხოვდნენ. იგი მაშინ ბაქოში იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტით. აქ პრინციპში არც არაფერი ესაქმებოდა, რადგან სპიკერის სკამში გავრილოვი ჩაასკუპა. რუსთაველზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კობახიძე ბაქოდან ჩაერთო ტელევიზიებს და განაცხადა, არ გადავდგებიო. „თაიმერისთვის“ ცნობილია, რომ მას ივანიშვილის დავალებით გადადგომა მოსთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა.
გავრილოვის ღამე ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრით დასრულდა. გაცეცხლებულმა მთავარმა მეოცნებემ ის თბილისში დაიბარა და გადადგომა მოსთხოვა. პარტიის ოფისში მისული კობახიძე ოთახში ჩაიკეტა და გადადგომაზე უარს აცხადებდა. ის ძლივს გამოიყვანეს ოთახიდან, მაგრამ განცხადება კახა კალაძეს გააკეთებინეს. შეეშინდათ, კობახიძეს „რამე“ არ ეთქვა, რამეთუ „რაღაცების“ თქმით ადრეც იმუქრებოდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს კობახიძის გაცხარება პირველი ხუთეულის ამბავს უკავშირდება. ის ოპოზიციას ორი მიზეზით ლანძღავს – მათზე ჯავრს იყრის და ამავე დროს ცდილობს ივანიშვილს თავი მოაწონოს. როგორც ამბობენ, ივანიშვილს მისი არც პირველ ხუთეულში ხილვა სურს და არც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად.
საარჩევნო სიაში შესაყვანი ხალხი, ასეა თუ ისე, უკვე შერჩეული ჰყავთ, თუმცა სიაში ვინ მერამდენე ნომრად იქნება, ეს ჯერ გარკვეული არაა. გადასაწყვეტია მაჟორიტარების ამბავიც. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ოლქში ჰყავთ მაჟორიტარობის კანდიდატი შერჩეული, თუმცა ჯერ არც ამ საკიტხშია საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში მთაწმინდის გამგებლის დავით კირკიტაძის წარდგენას აპირებენ მაჟორიტარად. ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა მოიაზრება. ფოთში კი ისევ ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე ფიქრობენ.
დიდი ამბებია საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების შერჩევაზეც. ზუგდიდის საარჩევნო შტაბის შესაძლო ხელმძღვანელის ვინაობა რომ გაიგო, ბიძინა ივანიშვილი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. ირაკლი კობახიძეს და კომპანიას ზუგდიდის შტაბში ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დასმა სურდათ. ლაშა გოგია სუსმა ქრთამის აღების გამო დააკავა რამდენიმე წლის წინ.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში ივანიშვილი არ ერევა. ის არც მაჟორიტარების შერჩევაში მონაწილეობს. ამიტომაც ჭირს გადაწყვეტილების მიღება. მთავარი მეოცნებე ხელქვეითებს ეუბნება, რომ თავად შეარჩიონ სიაში ჩასასმელი ხალხი და მაჟორიტარებიც. საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს. ამ ადამიანს გემოვნება ხშირად ეცვლება და „ოცნების“ ლიდერებსაც ამიტომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ფრთხილობენ, სია თავზე არ გადაახიოს ივანიშვილმა.
ივანიშვილს კი ახლა სიისთვის ნამდვილად არ სცალია. კონგრესმენების მომზადებულ დოკუმენტში მისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, რაც მთავარი მეოცნებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ დოკუმენტის გარდა ივანიშვილმა ამერიკიდან მიიღო წერილი, სადაც ასევე სანქციებზეა საუბარი.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიკობა ხაბაზი: ეს საქმე უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოიძიეს და საქართველოს სპეცსამსახურები საქმის კურსში ჩააყენეს
შემდეგი სტატიამოსკოვის საპატრიარქო პარიზში ქართული სამრევლოს მიტაცებას ცდილობს