ირაკლი კობახიძე : ახალი კონსტიტუცია აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას

ახალი კონსტიტუცია ამკვიდრებს გაცილებით დაბალანსებულ და სტაბილურ ურთიერთობას ძალაუფლების შტოებს შორის და აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე, „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიას მასპინძლობს, ისეთ თანამედროვე დემოკრატიაში, როგორიც საქართველოა.

„ასეთი დისკუსიის გამართვის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნისას, საქართველოს სჭირდება ახალი პერსპექტივა, როგორ ჩართოს მოქალაქეები დებატებში ერის მომავლის შესახებ და ასევე, როგორ მოახდინოს კომუნიკაცია საკუთარი მიზნების, ღირებულებებისა და მისწრაფებების შესახებ მეგობრებთან და მტრებთან საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ჩვენს პარტნიორებს – ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებს ყველაზე საჭირო დროის შერჩევისა და ჩვენი შეკრებისთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები ამ საერთო საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება რთული ამოცანაა განვითარებული ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით – დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, სადაც ინფორმაციის, ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლა თავისუფლად და ღია დებატების ფორმატში ხდება.

„საქართველოსთვის ეს ორმაგი გამოწვევა: ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე, ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას. არსებობს მრავალი მიმართულება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გასაუმჯობესებლად. მინდა ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ვაფასებთ და ვეყრდნობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კონტრიბუციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სისტემამ იმუშაოს ჩვენი ეროვნული ინტერესების ან დემოკრატიული ღირებულებების დათმობის გარეშე. ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებისთვის, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. ბოლო წლებში საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნამდვილი დემოკრატიზაციისკენ: კერძო საკუთრების დაცვიდან დაწყებული, დასრულებული პენიტენციურ სისტემაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, განხორციელებული რეფორმები ჭეშმარიტად შთამბეჭდავი და საერთაშორისოდ აღიარებულია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ სათავე დაუდო სრულ გარდაქმნას გაურკვეველი პოსტ-საბჭოთა რეალობიდან ბევრად მყარი დემოკრატიული სამართლებრივი სისტემისკენ.

კობახიძის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია ამკვიდრებს გაცილებით დაბალანსებულ, სტაბილურ ურთიერთობას ძალაუფლების შტოებს შორის და აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : არ ვაპირებთ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის დაწყებას ან გაგრძელებას, პროცესი გაჩერებულია
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : ვანო მერაბიშვილის მიმართ რაიმე განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს