ირაკლი კობახიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც განიხილავდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების კანონპროექტს ახალი ინიციატივით გამოვიდა და კოლეგებს მიმართა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ.

„როგორც მოგეხსენებათ ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა – მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში. მაგალითად, პირობითად რომ ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოოდ, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო – 80 მომხრე, 3 წინააღმდეგი, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება, კერძოდ, ის ნორმები, რომლებზეც იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება დროებით, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე შეთანხმება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: სახეზეა ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, რაც პირველად არ ხდება
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი სექტემბრამდე დაუწესდეს