ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პარლამენტში, ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. დღეს მედიის წარმომადგენლების ნაწილს იმ ოთახის გადაღების საშუალება მიეცათ, რომელიც სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემთხვევაში ეკა ბესელიასთვის იქნებოდა განკუთვნილი.

„ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ვთქვით რა გადაწყვეტილებები იყო დაახლოებით მიღებული და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ეს თანამდებობრივი გადაადგილება არც მაშინ და არც ახლა არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში“, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო.

„სექტემბერში მივიღეთ დავალება ხელმძღვანელობისგან, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის მოგვეძია შესაბამისი ფართი და მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულის მიზეზი უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები არიან.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები „შიდა სამზარეულოა”, რომელსაც „ნაწილობრივ გარეთაც გამოიტანენ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ისაუბრებენ“.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს. ეკა ბესელია ამჟამად ლონდონში იმყოფება, ის საქართველოში 6 იანვარს დაბრუნდება

banner
წინა სტატიაშირიყის პარკში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე