14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: 30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული- პრემიერი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მიზეზს განმარტავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქსტატის“ მონაცემებში დასაქმებულთა რაოდენობის კლება მთლიანად ფორმალურია და ეს სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებამ გამოიწვია.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 25 ათასით არის შემცირებული.

„დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასამდე ადამიანი, შეიძლება ითქვას, ფიქტიურად იყო დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ სინამდვილეში ისევ იღებდნენ სოციალურ დახმარებას.

ეს პროგრამა გაუქმდა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი და ამან გამოიწვია ფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ კლებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი, დანარჩენი დასაქმება პირიქით — გაზრდილია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან აღარ გაგრძელებულა სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2022 წლის მარტიდან მოქმედებდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს საჯარო სექტორში დასაქმებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც მოქალაქეებს, შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად, ხელფასის სახით 300 ლარი ეძლეოდათ.

banner
წინა სტატიაშისარფის საბაჟოზე შენიღბულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება: სასამართლომ უცხოელებს 10 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად – ვცდილობთ, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ