ირაკლი კობახიძე: 116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ახალ კონსტიტუციურ კანონს ექნება მხარდაჭერა

“116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან თამამად შევთავაზეთ ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტის ინიცირება და დავდეთ პირობა, რომ ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, რაც გაითვალისწინებს ბონუსის ამოღებას კონსტიტუციიდან და ერთჯერადად ბლოკების დატოვებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი, ხოლო მესამე მოსმენით მას პარლამენტი მარტის თვეში მიიღებს.

„ ჩვენ გვქონდა უკვე კონსულტაციები მმართველი გუნდის შიგნით, მათ შორის, 116 დეპუტატთან და 116 დეპუტატის თანხმობა არის იმაზე, რომ ამ დოკუმენტს ექნება მხარდაჭერა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან თამამად შევთავაზეთ ვენეციის კომისიას ამ დოკუმენტის ინიცირება და დავდეთ პირობა, რომ ეს დოკუმენტი იქნება მიღებული, რაც გაითვალისწინებს ბონუსის ამოღებას კონსტიტუციიდან და ერთჯერადად ბლოკების დატოვებას.

ინიცირება იურიდიულად შესაძლებელია მას შემდეგ, რაც უკვე საბოლოოდ გამოქვეყნდება არსებული დოკუმენტი. ჩვენ შესაბამისად, ვეტოს შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება ინიცირება შესაძლებელი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში, ანუ ბოლო სასესიო კვირაში მივიღოთ ეს დოკუმენტი ორი მოსმენით და ამის შემდეგ, უკვე მარტის თვეში, ჩვენ შეგვეძლება, მივიღოთ შესაბამისი დოკუმენტი მესამე მოსმენით. შესაბამისად, საბოლოო სახით ეს დოკუმენტი ჩამოყალიბდება უკვე მარტის თვეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ჩიხშია შესული.

„ბონუსი იყო ჩადებული პროექტში იმ პირობებში, როდესაც ჩვენ საუბარი გვქონდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე. პროპორციული სისტემა შეიცავს სერიოზულ რისკებს სტაბილურობის კუთხით და სწორედ ამ რისკების დაბალანსებას ემსახურებოდა ბონუსის სისტემა და სწორედ ამიტომ გვეწერა ჩვენ ბონუსი იმ დოკუმენტში, რომელიც გამოვიდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან. ეს იყო მიზეზი. ჩიხში არაფერი არ არის შესული. ჩიხში შესულია მხოლოდ ოპოზიცია თავისი პრეზიდენტის და თავისი ე.წ. 20 პოლიტიკური პარტიის ჩათვლით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტი ხვალ მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, შესაბამისად, აქ აბსოლუტურად უადგილოა ჩიხზე საუბარი. ჩიხში არის ოპოზიცია პრეზიდენტის ჩათვლით“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემაზე გადასვლის პირობებში აუცილებელი იქნებოდა ბონუსის სისტემის ამოქმედება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც პროპორციული სისტემა უნდა ამოქმედებულიყო 2020 წელს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში, იმ პირობებში არათუ მიზანშეწონილი, აუცილებელი იყო ბონუსის ამოქმედება, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ დავაყენებდით დესტაბილიზაციის რისკის ქვეშ. ამიტომ, ბონუსი იყო აუცილებელი ელემენტი პროპორციული სისტემის ამოქმედებისთვის 2020 წელს. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ბონუსი კონსტიტუციაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე:„ვრჩები ფეისბუქის მსოფლიო მოქალაქედ“
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა სკანდალური ინტერვიუს ავტორის ოჯახისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს