საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება. აღნიშნულ საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს.
კირცხალიამ შესაბამისი განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ეს ცვლილება მოსახლეობაზე პოზიტიურად აისახება, თუმცა კონკრეტულად რამდენად გაიზრდება დასაბეგრი ზღვარი, ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
„მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას — ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.
კერძოდ, ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით… ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე,“ — განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირს ან მის ოჯახს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოექმნება იმ შემთხვევაში, თუ მისი ან ოჯახის ჯამური წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.
















