„2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, 7.5% შეადგინა. დაფიქსირდა ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით. გამოვყოფდი ინვესტიციებს, რეალურ გამოხატულებაში, თითქმის 23%-იანი ზრდით, საქონლის ექსპორტს 9%-იანი ზრდით, ხოლო ტურიზმის სფეროს 17%-იანი ზრდით. ზემოთ ხსენებული პოზიტიური მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებს, რომ მიუხედავად საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობებისა და გამოწვევებისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და დინამიკურად ვითარდება. ეს ყველაფერი კი ობიექტურად ისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და თუ სარეიტინგო კომპანიების ანგარიშებში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიმდინარე წელს, მხოლოდ თებერვალში, ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო ორი თვის საანგარიშო პერიოდში 7.7%- ს გაუტოლდა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მთავრობის მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკის შედეგია.
„გონივრულ, ეროვნულ და სამშვიდობო პოლიტიკას, „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან უწყვეტად ახორციელებს და დამერწმუნეთ, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ასევე გაგრძელდება 2024-2028 წლებშიც“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.