საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ (Washington Free Beacon) მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, რომლის თანაავტორიც გიორგი კანდელაკია. კირცხალიას თქმით, კანდელაკი წლებია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2012 წლიდან კანდელაკის ქმედებები ევროპარლამენტის დერეფნებში, სადაც ის ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება თუ კანდიდატის სტატუსი.
„ალბათ, ეს არის მისი დავალება და მისი როლი ამ დიდ ჯგუფში. თამამად შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, აგრძელებს თავის დავალებას და პირნათლად ასრულებს“, — განაცხადა კირცხალიამ.
დეპუტატმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გრანტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური საელჩოებისგან იღებდა.
„მგონი, ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ბილიკების გასაკვალად გრანტი გამოუყო. ალბათ, შემორჩენილია ამ გრანტის თანხიდანაც და ერთ-ერთი ფარული პუნქტი სწორედ ასეთ მოღალატეობრივ ანგარიშებსა და სტატიებზე მუშაობა იყო. ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით მოქმედებს. ღალატის კიდევ ერთი მაგალითი ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, — აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

















