8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ირაკლი კირცხალია: ბრიუსელი და ოპოზიცია შინაარსობრივ დისკუსიას გაურბიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის კრიტიკას ეხმაურება და ბრიუსელს დებატებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.

„თურმე გაუმჭირვალობაზე გადის ევროპული გზა. რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როცა ეუბნები ქართველს ან ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომ ლგბტ+ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია. რთულია დისკუსია, როცა ეუბნები ქართველებს, რომ თურმე შეიძლება, იუსტიციის სახლში მივიდეს კაცი და გადაკეთდეს ქალად. რთულია შემოხვიდე დისკუსიაში, როცა ეუბნები ქართველებს, რომ ევროპული ღირებულებაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ამ კანონების გაუქმებაზე აქვთ საუბარი უკვე წლებია. რთულია შეხვიდე ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან დისკუსიაში, სადაც ეუბნები ქართველებს, რომ პოლიციელის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, რევოლუციური სცენარები არის ამოხატვის თავისუფლება. რთულია ამის თქმა და მტკიცება ქართველებისთვის. ამიტომ, ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. ისინი არიან ავტორები იმ დიდი აფიორისა, როცა კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“. რთულია, აგიხსნან, რატომ არის ეს კანონი რუსული. ამიტომ ვისმენთ ასეთ უტიფარ განცხადებებს. სწორედ ასეთი განცხადებები აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციას და იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ჩვენ ვხედავთ კვლევებს თვითონ ევროკავშირში, რა შთაბეჭდილება და შეხედულებები აქვს ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ბრიუსელის ელიტა ეწევა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა: „ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა „ქართული ოცნება“ სისტემატურად ართმევს მას, ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას არ იწვევს“.

banner
წინა სტატიაში“დაზიანებულია შენობა და იწვის ავტომობილები”- რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: ასეთი მასშტაბის ანტიდასავლური კამპანია ბრეჟნევის დროსაც არ ყოფილა – ყველაფერს ქართველები აკეთებენ