საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი იზორიას განცხადებით, მიუხედავად ახალი კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურული ნაბიჯებისა, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია. 2025 წელს ავარიებს 28 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 1 151 მძიმედ დაშავდა.
„პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას იზორიამ აღნიშნა, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი ვიდეოკამერაა, მძღოლები წესებს მაინც არ იცავენ და სიჩქარის გადაჭარბება მთავარ გამოწვევად რჩება.
იზორია გამოსავალს რეგულაციების სწრაფად მიღებასა და სიჩქარის ლიმიტების შემცირებაში ხედავს. მისი რეკომენდაციით, აუცილებელია სასკოლო ზონებში სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი 30 კმ/სთ-მდე შემცირდეს, შემცირდეს ტოლერანტული ზღვარი და ურბანულ დასახლებებშიც დაიწიოს სიჩქარის ლიმიტებმა.















