ირაკლი ღლონტი ნარმანიასა და ”ელიტ დეველოფმენტის” მიერ დაზარალებულ მოხუცებს დახმარებას სთავაზობს

”რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი, 29 ნოემბერს ტელეკომპანია ”რუსთვი 2”- ის ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც საუბარი ”ელიტ დეველოპმენტის” თაღლითური სქემების შესახებ იყო. სიუჟეტში გადმოცემულია, როგორ დაათმობინა კომპანიამ მოტყუებით ასაკოვან ქალბატონებს მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი.

ირაკლი ღლონტი სპეციალური განცხადებით, ამ საქმეში თბილისის მერის ძმის, ირაკლი ნარმანიას ჩართულობას გამოეხმაურა. მისი ვარაუდით, ნარმანიას სავარაუდო დანაშაული აღნიშნულ საქმეში, დაგეგმილი და ნაკარნახევია გიორგი ჟამუტაშვილის მიერ, რომელიც რუსეთის მოქალაქისა და კომპანია ”ელიტ დეველოფმენტის” წარმომადგენლის სტატუსით არის ნახსენები. ირაკლი ღლონტი ადასტურებს ნარმანია-ჟამუტაშვილს შორის მრავალწლიან პარტნიორობას და მეგობრობას.

”გიორგი ჟამუტაშვილი გახლდათ ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც ”რეფორმატორების” პოლიტიკურმა საბჭომ გარიცხა სწორედ დარღვევების და შეუსაბამო ქმედებების გამო. იგი არ დაემორჩილა პარტიის გადაწყვეტილებას და ასევე თაღლითობით შეადგინა ყალბი დოკუმენტი, პარტიაში ცვლილებების თაობაზე. გიორგი ჟამუტაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში და შსს–ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყალბი დოკუმენტის შედგენისა და პარტიის ოფიციალური ბეჭდების უკანონოდ მისაკუთრების ფაქტზე. ვწუხვართ, რომ დედაქალაქის მერის ძმა, ირაკლი ნარმანია აღმოჩნდა სავარაუდო დანაშაულისა და სავარაუდო თაღლითური სქემის ერთ–ერთი მონაწილე, რომელიც ჩვენი ვარაუდით დაგეგმილია სწორედ მისი მეგობრისა და პარტნიორის, რუსეთის მოქალაქის კომპანია ,,ელიტ დეველოფმენტის’’ წარმომადგენლის – გიორგი ჟამუტაშვილის მიერ.” – აცხადებს ირაკლი ღლონტი.
”რეფორმატორების” თავმჯდომარე მოუწოდებს ახლადარჩეულ მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს ზემოაღნიშნული ორი საქმით და შესაძლო მოკლე დროში დასრულდეს გამოძიება. პარტიაში მიესალმებიან ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს სანქცია შეუსაბამოა და საჭიროა საგამოძიებო ორგანოების ჩართულობა.
”მე, როგორც იურისტი გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე, დავიცვა დაზარალებული ქალბატონების კანონიერი ინტერესები. პარტია ”რეფორმატორები’’ თავის მხრივ ვაცხადებთ მონიტორინგს ამ საქმესთან დაკავშირებით” – აცხადებს ღლონტი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა
შემდეგი სტატიასუ-24-ის დაღუპული მფრინავს რუსეთში მიასვენებენ