ირაკლი ღლონტი: ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსული

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ირაკლი ღლონტი ქრონიკა+-ის რედაქტორის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების ლუსტრაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ღლონტი აღნიშნავს, რომ მედიას განსაკუთრებული როლი აქვს პოლიტიკოსების წარმოჩენისთვის, თუმცა წლების წინ გადაღებული კადრები მისთვის საკმარისი არაა ივარაუდოს, რომ პაატა ბურჭულაძე კრიმინალური ავტორიტეტის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
“ლუსტრაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წლების მანძილზე ვამბობ, ხალხმა უნდა იცოდეს ყველა პოლიტიკოსის წარსულის შესახებ ცნობები. მივესალმები მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორც რიგითი მოქალაქე მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც დგას ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.
მასალა, რომელიც ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა ჩემი აზრით ემსახურება სწორედ ლუსტრაციას, ეს არის მედიის ფუნქციაც, რომ მოსახლეობა ჩადგეს საქმის კურსში და უფრო მეტი ანალიზი გააკეთონ იქამდე, ვიდრე ლეგიტიმაციას მიანიჭებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს. ეს მხოლოდ მისალმებას და მადლიერებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ 20 წლის წინათ გადაღებული ნათლობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი პირადად მე არ მეუბნება იმას, რომ პაატა ბურჭულაძე კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, უფრო მეტიც, პირადად მე გავიზარდე უბანში, სადაც თითქმის ყველა მეორე მოსახლე მეზობლის სახლში 1 კრიმინალური ავტორიტეტი ცხოვრობდა და მოგვწონდა თუ არა ეს ისინი იყვნენ ჩვენი მეზობლები, ვხვდებოდით ყოველდღიურად, ვესალმებოდით და გვიწევდა თანაცხოვრება. ეს იყო იმდროინდელი მწარე რეალობა.
სწორედ, რომ კარგად ვიცნობ ამ ,,სამყაროს” წარმომადგენლებს, აქედან გამომდინარეა ჩემი საყოველთაოდ ცნობილი უკომპრომისო და შეურიგებელი პოზიცია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მიმართ. ხაზს ვუსვამ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს”, რომელთა სამყოფელად არ მემეტება ჩვენი ქვეყანა.
იმედი მაქვს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ბოლომდე ვიქნებით გამიჯნული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველო იქცეს მეცნიერების, ხელოვნების, გამომგონებლების, პროფესიონალების, სპორტსმენების ქვეყანა !
დღეს ყველაზე მეტი პრეტენზია მე მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირველი ლობისტია კრიმინალური სამყაროს წევრების, მათ შორის იმ კანონიერი ქურდების, რომლებიც ექსტრადაციის შემდეგ უგზო–უკვლოდ ქრებიან საქართველოს აეროპორტიდან.” – აცხადებს ირაკლი ღლონტი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს
შემდეგი სტატია23 აგვისტოს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2788 ლარი იქნება