ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. მისივე თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ასოცირების შეთანხმების (AA) დღის წესრიგით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამ პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

banner
წინა სტატიაშილევან ბეჟაშვილი – პარტიის თავმჯდომარედ მარგველაშვილის დანიშვნა არც კი განხილულა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს