ირაკლი ღარიბაშვილისა და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე.

პიტერ სიიარტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სატრანსპორტო კავშირებისა და ტურიზმის სფეროში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება ავიაკომპანია „ვიზეარის“ მზადყოფნას, აღადგინოს საერთაშორისო რეისები საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას.

პიტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრი, მისთვის ხელსაყრელ დროს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. საუბრისას განიხილეს „კოვიდ 19“-ის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები და ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს და აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებსა და უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის საჭირო დოზები მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა განათლება. მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და უნგრეთს შორის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეთანხმებები, რომლებსაც შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. საქართველოს მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას – განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), ხოლო უნგრეთის მხარიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი განახორციელებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროს განცხადება ნამოხვანჰესზე – მშენებლობა არ შეჩერებულა
შემდეგი სტატიაპიტერ სიიარტო – მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს