ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმით აღებული ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს . ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება და ვფიქრობ, იქნება დადებითი ჩვენი ურთიერთობებისთვის. რაც მთავარია, ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იქნა შესრულებული. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს, პრემიერის ინფორმაციით, საუბარი არაერთ თემას, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, გლობალურ უსაფრთხოებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
“ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკომისართან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და პრეტენზია, რომ საქართველო გახდეს ე.წ. რეგიონალური ჰაბი და არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგორესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანასა და ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებაზე, პარიზში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და ამ ჭრილში, განვიხილეთ ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების საკითხები. საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ამ საკითხებში ევროკავშირის გვერდით დგას და ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან უფრო ინტენსიური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გამოვთქვით მადლიერება, რომ ევროკავშირი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აქტიურ კამპანიას. მართლაც ფასდაუდებელია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობა. ამ ჭრილში შევეხეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, განვიხილეთ იქ არსებული სიტუაცია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია არის ერთადერთი საშუალება და ინსტრუმენტი, რომ ადგილზე მუდმივად ხორციელდებოდეს მონიტორინგი და არსებობდეს ინფორმაციაზე წვდომა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში შემოვლითი რკინიგზის პროექტის აღდგენა იგეგმება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სამუშაო ადგილებს სახელმწიფო ვერ შექმნის, სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას