ირაკლი ღარიბაშვილი – ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, დღეიდან 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, თითო სტუდენტზე გახდება სამასი ლარი

ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, დღეიდან 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, თითო სტუდენტზე გახდება სამასი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე გააძლიერებს პროექტს, რომლითაც წარჩინებულ სტუდენტებს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებენ.

„ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლით მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა, გავიხსენო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან, საკუთარ ოჯახის წევრებს უფინანსებდნენ ბიუჯეტიდან სწავლას. ეს არის განსხვავება. ჩვენ ათასზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან და არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ჩვენი სიმდიდრე, სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, დაფასება, ერთგვარი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება სამასი ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. შეიძლება, ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტებისა. კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გამოვდივარ ინიციატივით, გამოვაცხადოთ ამნისტია საქმეებზე, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს
შემდეგი სტატიაკადიროვმა თავისი ჯანმრთელობის გაუარესებაში ბრალი დასდო ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრს და სასტიკად მოკლა – მედია