ირაკლი ღარიბაშვილი – უნდა გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, მეტად გავაძლიეროთ ოჯახები და სისტემა უფრო მეტად მოქნილი გავხადოთ

ჩანაწერებიც არსებობს და ძალიან ბევრი ავტორიტეტული ადამიანის მოსაზრებაც მოვისმინეთ, რომელიც წლების წინ იყო ჩაწერილი, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი ტიპის დიდი პანდემიები და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და ქვეყნები, მთავრობები უნდა გადაეწყოს და მოემზადოს ამ ტიპის კრიზისებისთვის, არამედ მსოფლიო უნდა გადაეწყოს ამ ტიპის გამოწვევებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამოწვევაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა და ზოგადად, სისტემები უნდა იყოს მომზადებული ყველაზე ცუდი სცენარებისთვის.

„მოგეხსენებათ, სამყარო იმდენად რთულია და რეალურად, არის ბევრი მოულოდნელობები, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრო, თუ რა ახალი პანდემია, კრიზისი შეიძლება წამოვიდეს, თუმცა ვფიქრობ, ამ გამოწვევამ გვასწავლა ის, რომ მთავრობა და ზოგადად, სისტემები უნდა იყოს მომზადებული ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და აქვე ვუბრუნდები, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე, ენერგეტიკაზე დამოკიდებული. ჩვენ უნდა გვქონდეს კომპლექსური მიდგომა, სწორედ აქედან გამომდინარე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ამ ეტაპზე, ახლა არის საკმაოდ შთამბეჭდავი, უფრო მეტად ინკლუზიურია, უფრო მეტ ადამიანზე გადანაწილდა, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს უნდა შევძლოთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, განვავითაროთ, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, მეტად გავაძლიეროთ ოჯახები და სისტემა უფრო მეტად მოქნილი გავხადოთ, მათ შორის, ამ ტიპის გამოწვევების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიამ საკითხზე მუშაობა ხელისუფლებას უფრო ადრე უნდა დაეწყო-ხალხის ხმა “თაიმერზე”
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად