ირაკლი ღარიბაშვილი – უნდა ავაწყოთ ისეთი გამართული სისტემა, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას – 300 000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოქმედი პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია არის ბრწყინვალე სპეციალისტი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში. მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ავტორიტეტულ ექიმთანაც, მანამ, სანამ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას და მათი შეფასებაც ასეთივეა. ასე რომ, დღეს ამ მიმართულებას ჰყავს თავისი კურატორი, მინისტრს ჰყავს მოადგილე. მე ვიცი, რომ იგი დარჩება, ალბათ ამას თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაგრამ მე გამიხარდება, თუ იგი გააგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთი მიმართულება არის ჯანდაცვის მიმართულება, იქ უნდა გავაგრძელოთ და მთავარი კონტროლი, აქცენტი და ყურადღება უნდა გადავიტანოთ ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხარისხიან მომსახურებაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა და ის სერვისები, რომელიც მოსახლეობა მიეწოდება, კიდევ უფრო დავხვეწოთ.

მე ძალიან გავაკონტროლებ და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მენეჯერია.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უნდა ავაწყოთ ისეთი გამართული სისტემა, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას – 300 000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. ეს უნდა იმართოს, როგორც ჯარი იმართება, დაახლოებით ისე, იმიტომ, რომ ერთი, ამ ადამიანებს კარგად უნდა განვუმარტოთ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, მათ არ მოეხსნებათ ეს დახმარება, არამედ ხელფასის სახით გადავუხდით. მინიმუმ იმდენი იქნება მათი ანაზღაურება, რამდენიც ახლა აქვთ, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს, გაორმაგდეს და ა.შ. აქ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ კერძო სექტორიც ჩაერთვება, ბიზნესი დაინტერესდება და ვიცი, ძალიან ბევრი მოთხოვნაა რეგიონებში, იქნება ეს სეზონური, თუ ყოველდღიური სამუშაო, უამრავი სხვა.

ამიტომ, რაც შეეხება კითხვას – სად ვასაქმებთ – უამრავი საზოგადოებრივი სამუშაო არსებობს, ამის იდენტიფიცირება უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ჯგუფი შექმნილი მაქვს და მუშაობენ ამის თაობაზე, დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წყლის პროექტები, მშენებლობა, თუ მაგალითად ტყეების გაშენება, ახლა ვიწყებთ პლანტაციების აღდგენას, ხეების გაშენებას, ურბანული განახლების პროექტები, მოგეხსენებათ, რომ ყველა რეგიონში მე დავიწყე ურბანული განახლების პროგრამები. პროცესში გამოიკვეთება მათი უნარებიც, მოხდება შეფასებაც, გადაფასებაც, დაწინაურებაც, წახალისება და ა.შ. ძალიან მასშტაბური პროცესი დაიწყება მთელს ქვეყანაში. მათ მიეცემათ ღირსეული ხელფასი და ამ მიმართულებით გარდატეხას შევიტანთ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ზურაბ აზარაშვილი არის ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია