ირაკლი ღარიბაშვილი – თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, მადლობა გადავუხადო ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისთვის. დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, თითოეული მორწმუნისთვის. თითქმის 400-წლიანი განშორების შემდეგ, ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ინდოეთის მთავრობას და ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ქეთევან დედოფლის წამებას თავის დროზევე მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გამოფხიზლება და ეროვნული ცნობიერების არნახული აღზევება. მისი გმირული ცხოვრება, რწმენისა და სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა დღესაც და ყოველთვის ასეთად დარჩება. გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ნაწილების ფრაგმენტები, ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა საქართველოს. კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმები და მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინაპირობაა. მინდა, ვთხოვო მას, გადასცეს ქართველი ხალხის მადლიერება ინდოეთის მთავრობას და ხალხს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელს ჩვენს საზოგადოებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდავით აბულაძის „კუჭის დაპატარავების“ ფორმულა, რომელიც ადამაინებს აბედნიერებთ-ექსკლუზიური ინტერვიუ დავით აბულაძესთან
შემდეგი სტატიაპარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დააპაუზოს, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ასეც მოხდება