ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილის და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერის შეხვედრაზე.

მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს .

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.

მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“იმედია, ახლა მაინც არ იქნება ბიუჯეტი ორიენტირებული ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ ორ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა