ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად, ქართველები ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით

საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად. პირიქით, ჩვენ ვართ წვლილის შემტანი…ჩვენ, ქართველები და საქართველო ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, სანაცვლოს გარეშე. მისი თქმით, ქვეყანა უბრალოდ ითხოვს სამართლიან მოპყრობას.

“დიახ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული. თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ, დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება.

მინდა დავამატო ორიოდე სიტყვა საქართველოს სურვილთან დაკავშირებით – გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს დაუმსახურებლად. პირიქით, ჩვენ ვართ წვლილის შემტანი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, გაგვეგზავნა ჩვენი მებრძოლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს იყო რთული, მძიმე გადაწყვეტილება. ამ ოპერაციას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა ევროკავშირი. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგზავნეთ ერთი ბატალიონი ანუ 500-ზე მეტი მებრძოლი, რათა დავხმარებოდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვაქვს წვლილი. ჩვენ, ქართველები და საქართველო ყოველთვის ვართ იქ, სადაც ეს ევროპას სჭირდება, სადაც მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას ვჭირდებით.

ასევე არის ნატოს ოპერაციები და საქართველოს მონაწილეობა ამ ოპერაციებში – ერაყში, ავღანეთში, სადაც ჩვენ გვყავდა 2,000 მებრძოლი, რომელთაგან 35-ზე მეტი მამაცი მებრძოლი დაიღუპა, სიცოცხლე შესწირა ამ საერთაშორისო იდეას, ტერორიზმთან ბრძოლას, ასევე ბრძოლას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. 500-ზე მეტი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა.

ასე რომ, ჩემი დასკვნითი კომენტარი ასეთია: საქართველო არ ითხოვს არაფერს დაუმსახურებლად, სანაცვლოს გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას – ზელენსკი
შემდეგი სტატია100 დღე, რაც უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა – ზურაბიშვილი