ირაკლი ღარიბაშვილი – როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება – ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, საქართველო ევროპას მიეკუთვნება

როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 2012 წლიდან ძალიან ამბიციურ რეფორმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით.

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ამბავზე, საქართველოს მიღწევებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ.

უპირველეს ყოვლისა ძალიან მოკლედ მოგიყვებით საქართველოს გამოცდილების – საქართველოს ამბის – შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში – 2012 წლიდან – ძალიან ამბიციურ რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით: სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის კონსოლიდაცია.

2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გენერალური გეგმა – საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის გენგეგმა. მას შემდეგ ხელშესახები შედეგები გვაქვს და რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და სულ ახლახან ოფიციალურად გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჰკითხეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს