ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი გუნდი მიესალმება ოპოზიციასთან დიალოგს

ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხელისუფლება მხოლოდ მიესალმება მათთან დიალოგს.

„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ შენობიდან, ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი.

მინდა, ასევე ვთქვა, ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და არა პოლიტიკური პროგრამის, არამედ საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. რაც ხდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება, ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები, ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.