ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ის, რაც დღეს ვიხილეთ ამ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან, არის სწორედ პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების მცდელობა; მათი შემოტევა და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ეს დისკუსია არ შემდგარიყო და ხალხს არ მოესმინა რეალური მიღწევები

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უმეტესობა არ არის დარბაზში. ძალიან სამწუხარო ტრადიციაა მათგან, იციან დესტრუქციული კითხვების დასმა და შემდეგ დარბაზის დატოვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის პარლამენტში მივიდა, რათა ანგარიში ჩააბაროს ხალხს და არა იმისთვის, რომ უმსგავსო დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა შემდეგი, მე დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ ანგარიში ჩავაბარო ჩვენს ხალხს, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს და რა თქმა უნდა, არ მოვედი იმისთვის, რომ ამ უმსგავსო დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც, ხაზს ვუსვამ, დაიწყეს დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პირველივე მათი შემოტევა და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ეს დისკუსია არ შემდგარიყო და ხალხს არ მოესმინა ის რეალური მიღწევები, შედეგები, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მე, როგორც მთავრობის მეთაური, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ვარ ვალდებული, რომ ჩვენს ხალხს ვუთხრა სიმართლე. მე სხვა შემთხვევაში, ასეთი ფორმატი რომ არ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს არის ის მწარე რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ გვიწევს გამკლავება და ამ რეალობაში ცხოვრება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირველი რეკომენდაცია, პირველი დათქმა, რომელიც ევროკომისიამ ჩაგვიწერა, იყო პოლარიზაციის დასრულება, არა თუ შემცირება, არამედ დასრულება. ის, რაც დღეს ვიხილეთ ამ დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების მხრიდან, არის სწორედ პოლარიზების გაღვივების, გამძაფრების მცდელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ ყველანი, გვიწევს ასეთ შეურაცხყოფებზე, ასეთ უმსგავსობაზე რეაგირება, როდესაც ასეთი ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოდის ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ბუნებრივია, შენ გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სიმართლე დაუპირისპირო. ხანდახან, მესმის, რომ სიმართლე ძალიან ძნელი მოსასმენია, მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით უნდა ვაჩვენოთ რეალურად ვის გვსურს ქვეყნის წინ წაწევა, განვითარება, გაძლიერება და ვის სურს ქვეყნის, რეალურად, განვითარების შეფერხება. ბოლო 10 წელია ჩვენ ვისმენთ და ვართ მომსწრენი ამ დესტრუქციული ქმედებების. ცდილობენ, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა და წარმოიდგინეთ, რომ ამ პირობებში ჩვენი შედეგები მართლაც ხელშესახებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა – გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი
შემდეგი სტატიადავით არახამია – არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების “ფეიკებს”, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის “ფეიკებს”, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს