ირაკლი ღარიბაშვილი- მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს

gulis eleqsiri

მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შატო ზეგაანში, მეღვინეებთან შეხვედრაზე განცხადა.

მთავრობის მეთაურმა მეღვინეებთან შეხვედრაზე დარგის მიმართულებით არსებული ვითარება, განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და დარგის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მეღვინეებისგან მოისმინა.

აღინიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება, რომლის განხორციელების მიზანია პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 000 -მდე მევენახე ფერმერი შეძლებს. რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზღვრები გაიხსნა და ქართული ღვინო ექსპორტზე გავიდა ევროპის, ჩინეთის და არაერთი სხვა ქვეყნის ბაზარზე, რის შედეგადაც მეღვინეობის დარგმა დიდი პროგრესი განიცადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავების მიზანი მეწარმეებსა და ფერმერებში სტაბილურობის განცდის გაჩენაა, რათა მათ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმონ საკუთარი ბიზნესის განვითარება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: 2012 წლის შემდეგ მოსავლიანობა 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე გაიზარდა, გაშენდა 6400 ჰა ახალი ვენახი, 2012 წელს ღვინის ექსპორტიორი კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს და დღეს 300-ზე მეტი ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიაა, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გამოწვევებს, რომელიც ბიზნესს პანდემიამ შეუქმნა. პრემიერ-მინისტრმა მეღვინეებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მეღვინეებთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა,

ვიცე პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის დეპუტატები- დავით სონღულაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი.

წინა სტატიაშიირაკლი ბენდელიანი: ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება
შემდეგი სტატიაქორწილებისა და ქელეხების აღსაკვეთად შრომის ინსპექციას ახალი უფლებამოსილება მიენიჭა