ირაკლი ღარიბაშვილი – მელია, კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე

მინდა, რამდენიმე სიტყვით ვუთხრა მოსახლეობას, რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში – კაცი, მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რადგან ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გარდა, ნიკა მელია მხილებულია პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაში.

„გამოვიდნენ ასევე დისკრედიტებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და რა თქმა უნდა, მათ სათქმელი არ აქვთ არავითარი, რა უნდა თქვან მათ რეალურად, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას იმ მძიმე დანაშაულებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში. მინდა, რამდენიმე სიტყვით ვუთხრა მოსახლეობას, რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში – კაცი, მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რადგან ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ეს ერთი, მას მისჯილი აქვს და ჩვეულებრივი კრიმინალია. ის იყო სააკაშვილთან ერთად მთელი ამ მაფიოზური დაჯგუფების წევრი და კრიმინალური საქმეების შემსრულებელი. და მეორე, კარგად გახსოვთ, რაც მოხდა ამერიკაში, კონგრესის შენობაზე თავდასხმა, სადაც ადგილზე 4 ადამიანი იქნა მოკლული პოლიციის მიერ და მომდევნო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ზოგს, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, 15-20 წელი მიესაჯა. ჩვენთან იგივე ბრალდებით იქნა ეს ადამიანი, მელია დაპატიმრებული, შემდეგ ნახეთ თქვენ როგორი შოუ, აბსურდული, ჩვენი სახელმწიფოსთვის და კონსტიტუციისთვის შეურაცხმყოფელი გაგრძელება ჰქონდა მთელს ამ საქმეს. დღეს ეს კაცი, ეს კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია და ყველამ ნახა, პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი. ამას გარდა, სხვებზეც მინდა ვთქვა, რომ იმდენად დისკრედიტებულები და მარგინალები არიან, რომ ადგილებზე ვერ შეარჩიეს კანდიდატები, საკუთარ ოჯახის წევრებს აგზავნიან და ვირაც გაურკვეველ მარგინალებს და კრიმინალებს, გიგი უგულავას სახით, რომელიც გამოდის და ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. მე მოსახლეობას სიმართლეს ვეუბნები. ერთხელ დაანგრიეს ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ტერიტორიები, მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ. მე სიმართლეს ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით მე არაფერს ვიგონებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ზუგდიდის 23 სოფელში გამართა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ გარემონტებულ ციხეში