გასაგებია თქვენი ინტერესი, ამაში მე რაიმე უჩვეულოს ვერ ვხედავ. ბუნებრივია, მე პრემიერ-მინისტრი ვარ და ჩემს ირგვლივ თუ რაიმე ხდება საინტერესოა თქვენთვის და თქვენ ყოველთვის ეძებთ რაღაცას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა პრემიერის აშშ-ში ვიზიტს და ასევე, საიდან იქნა მოძიებული ის თანხა, რომლის მეშვეობითაც პრემიერის შვილი გაემგზავრა აშშ-ში.
პრემიერის თქით, მას არასოდეს უსარგებლია ბიუჯეტით.
„თქვენ თუ მოისმინეთ შესაბამისი უწყებების განცხადებები, იგივე ბატონი ანზორ ჩუბინიძე გამოვიდა, მან დაადასტურა. მე მანამდე არ მქონია საუბარი და არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე ღიად მესაუბრა, უბრალოდ ეს იმდენად პრივატული საკითხია და პირადი საკითხია, მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. ახლა შეგახსენებთ მთავარს, მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომემიჩა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასოდეს ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.
მე მყავს მადლობა ღმერთს შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი და პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე, ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან მისვამთ კითხვას გპასუხობთ. თქვენ თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ საიდან გადაიხადეს, ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე აბსოლუტურად, თუ რაიმე კითხვები გაქვთ მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას დაელოდეთ მომავალ დეკლარაციებს, ამ წელსაც შევავსებ კიდე გაისად შევავსებ დეკლარაციას, ასე რომ არავითარი დაფარული არ მაქვს.
მთავარი რაც გამოვლინდა ახლა, წლების განმავლობაში იცით, რომ ოპოზიცია ამბობდა, რომ სააკაშვილი გასამართლებული იყო რაღაც მოგონილი პიჯაკების საქმით, ერთ-ერთი მთავარი საქმე, რაც ამ საქმეში დევს და მთავარი მტკიცებულებაა, რომ მათ შორის თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები, პირადი ვიზიტები დაფინანსებული იყო ბიუჯეტიდან. ახლა მთავარი თემა და სკანდალი რაც გამოვლინდა და გახდა საჯარო, რომ ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობას და დროს ტარებას, 14 მილიონი ლარი არის არამიზნობრივად გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან სააკაშვილის პირადი ვოიაჟებისთვის. მე გეკითხებით ახლა, თქვენ თუ ხართ ობიექტური ადამიანი, რა უნდოდა მიხეილ სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში. სამარცხვინო პრეზიდენტი იყო. 14 მილიონი ლარი, ამას გარდა, 2 თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს. ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია. თქვენ ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი.
მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემს ირგვლივ თუ რამე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, მე არავისთან არაფერი არ მაქვს დასამალი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რაიმე გაინტერესებთ. ელიტური კორუფცია ახსენეთ თქვენ, ვინც ეს გამოაქვეყნა, ეკა გიგაური, რომელიც საზოგადოებას შევახსენებ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული, მან გადაუხადა, თუ არ ვცდები, გარკვეული ბონუსები დამარბევლებს, სპეცრაზმელებს და ა.შ. – ეს ცალკე თემაა, მაგრამ მეორე თემაა, რაც მინდა ვთქვა არავის არ გახსენებია და არც თქვენ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სააკაშვილის მთავრობის წევრი ბატონი კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილი და მისი კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ჯარი, მთელი ევროპა გაძარცვა და ევროპის პენსიონერები, მილიარდ დოლარზე მეტი არის მოპარული და არავის კითხვა არ გიჩნდებათ. თქვენ ფინანსდებით ამ მოპარული, პენსიონერების ნაძარცვი ფულით ფინანსდება თქვენი ტელევიზია. ეს არის მთავარი პრობლემა“,- განაცხადა პრემიერმა.