ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, საუბრის მთავარი თემები იყო.

ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ეკონომიკური ურთიერთობები, სავაჭრო ბრუნვის ზრდა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლი, რომლის პირველი სხდომა დღეს ვილნიუსში გაიმართა.
ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

banner
წინა სტატიაში,,გირჩი”- ის არის განახლების სიმბოლო
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ რამდენიმე წევრმა დატოვა