ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში უმასპინძლა.

შეხვედრისას, განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის სუვერენული უფლება და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ალიანსის გენერალური მდივნის პირადი ძალისხმევა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიაგულდასმით ვშრომობთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე – ღარიბაშვილი სტოლტენბერგს