ირაკლი ღარიბაშვილი- ევროპის პირველი რეკომენდაცია იყო და არის პოლარიზაციის დასრულება და ამ დროს ოპოზიციამ მთავრობის დამხობის და რევოლუციის მიზნით აქციები დაიწყო, ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის დასრულების არავითარი სურვილი და რეალური ქმედება არ გვინახავს

ევროპის პირველი რეკომენდაცია იყო და არის პოლარიზაციის დასრულება და ამ დროს ოპოზიციამ მთავრობის დამხობის და რევოლუციის მიზნით აქციები დაიწყო- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის დასრულების არავითარი სურვილი და რეალური ქმედება არ გვინახავს.

„ერთადერთი შანსი, რაც ოპოზიციის მხრიდან არსებობდა, იყო არეულობის მოწყობა, ომის დაწყება. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, აღარ გავიმეორებ უხეში სიტყვებით იმას, რაც მე პარლამენტში ვთქვი, მაგრამ თქვენ გახსოვთ, როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, როგორ „დაიცვა“ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი. როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი. ომში იბრძვიან გმირები, ჯარისკაცები, პოლიციელები, გულანთებული, პატრიოტი ხალხი იბრძვის, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი?! ჯარი შეეწირა ამას, ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ გმირულად. პოლიტიკოსები მიწაზე გართხმულები ვნახეთ. აღარ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ შეგახსენეთ ყველას. დიახაც, მათი სურვილი იყო და არის ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია. ევროპის პირველი რეკომენდაცია იყო და არის, რომ მეგობრებო, დაასრულეთ პოლარიზება და ამ დროს მთავრობის დამხობის და რევოლუციის მიზნით აქციები დაიწყეს. გასაგებია, ცალკე თემაა ეს, სასაცილოა, მაგრამ მათ განცხადებებს გახსენებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩაფლავდება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ, რომ მათი მხრიდან არავითარი სურვილი და რეალური ქმედება არ გვინახავს ჩვენ. ახლა დაველოდები, ეს იქნება ოპოზიციის ჩასაბარებელი ტესტი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ევროპერსპექტივის მქონე სახელმწიფოები – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიამათ ზუსტად იციან, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი – სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში შეხვედრის დეტალებზე