ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ევროკომისიაში პირისპირ შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უფრო ღრმა ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება გაგრძელდება.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მონაწილეობდნენ.

ისაუბრეს COVID- 19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და სირთულეებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინაციის მნიშვნელობა პანდემიის დამარცხების პროცესში და ყველა ქვეყნისთვის ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის ძალისხმევას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობას დიალოგის პროცესში, როგორც უშუალოდ, ასევე – პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეშვეობით. პრემიერის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში განვითარებულ პროცესებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ასევე – საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიქეთევან დუმბაძე – ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას, ისე ელის კულტურის სფერო
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრებად ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე აირჩია