ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ჰუმანური სახე არის დამადასტურებელი იმისა, როგორ ვზრუნავთ ჩვენ პატიმრებზე

პრემიერ-მინისტრი მსჯავრდებულების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრენ სპექტაკლს – „ჩემი მძევალი ანგელოზები“, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.

პირველი სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა.

სპექტაკლი, რომელშიც 7 მსჯავრდებული ქალი და ერთი ყოფილი მსჯავრდებული მონაწილეობს, რეჟისორმა მანანა კვირკველიამ, ქეთევან პატარაიას მიერ სპეციალურად მსჯავრდებულებისთვის შექმნილი პიესის მიხედვით დადგა. მსჯავრდებულები, შემოქმედებითმა ჯგუფმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის – „სპექტაკლი ციხეში“ ფარგლებში, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეარჩია. მათ პარტნიორობას უწევს მსახიობი გიორგი ზანგური. სპექტაკლში ნაჩვენებია ადამიანების სულიერი ტრანსფორმაცია, საკუთარი ცხოვრების გადაფასება და შეცდომების აღიარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს კრეატიული იდეის განხორციელებისა და პატიმრებისთვის ჰუმანური დღის ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს არაჩვეულებრივი დღეა, ვინაიდან ჩვენ პატიმრებთან ერთად, ერთ დარბაზში ვისხედით. ვიხილეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით. ჩვენი მთავრობის სახე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების – სამართლიანობის, კანონიერებისა და ჰუმანურობის წარმოჩენა. ეს პრინციპები აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფალი იყოს სამართლიანი. ეს ჰუმანური სახე არის დამადასტურებელი იმისა, როგორ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებზე, პატიმრებზე. ეს საბოლოო ჯამში არის ზრუნვა ადამიანებზე. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი – მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება იგი, ციხეში, თუ ციხის გარეთ. მთავარია, ყოველი ხელისუფალი იყოს კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და ვეღარავინ შეძლოს იმის გაბედვა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში სამი წლის წინ. მთელმა მსოფლიომ ნახა, რა ხდებოდა პატიმრების წინააღმდეგ. ეს დრო ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა პრეიერ-მინისტრმა და პროექტის განხორციელებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს გუნდს, შემოქმედებით ჯგუფსა და მსახიობებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

დღევანდელი დღე ისტორიულად შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. უწმინდესმა მსჯავრდებულები დალოცა და საჩუქრები გადასცა, პრემიერ-მინისტრს – საკუთარი გულის ჯვარი, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრს ხატი უსახსოვრა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც პატიმრები გამოდიან თეატრში. საოცარია, რომ ხალხმა ცრემლი ვერ შეიკავა. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ჩვენი ქართველი ადამიანებისა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა. ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ალბათ ხელისუფლება ამ საკითხს დააყენებს. დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო“, – ბრძანა პატრიარქმა.

სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელზეც 70-მდე ექსპონატი იყო წარმოდგენილი.

წარმოდგენას სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების 80-მდე მსჯავრდებული დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში ბავშვთა უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაილია მეორე: პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება პატიმრები შეიწყალოს